თელიანი


დასახელება: „თელიანი“
 
გეოგრაფიული მდებარეობა
 
მევენახეობის სპეციფიკური ზონა "თელიანი” მდებარეობს მდ. ალაზნის დი­ნების შუა წელში, ჩრდილო განედის 41°54' და აღმოსავლეთ გრძედის 45°35' კოორდინატებზე. სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს  შორის, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე.
 
კლიმატი
 
სპეციფიკური ზონის კლიმატი ხასიათდება  ზომიერად ნოტიო, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2300 სთ-ს აღემატება, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1660 სთ-მდე აღწევს. მზის პირდაპირი რადიაცია მოსული ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად შეადგენს 75 კკალ/სმ2-ს, გაბნეული რადიაცია 54,2 კკალ/ სმ2, მზის ჯამობრივი რადიაცია წლიურად 130 კკალ/ სმ2-ს უდრის.
 
 
მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება, მის შესაძლო რაოდენობასთან ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ 66%-ს შეადგენს. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მოწმენდილი დღეები 17-19 აღწევს.
 
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,1°-ია. ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +0,9°, ხოლო ყველაზე თბილი თვეების – ივლისი და აგვისტო საშუალო ტემპერატურები ერთმანეთს უახლოვდება და 23,2–22,9° უტოლდება. ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო   -11°, აბსოლუტური მინიმუმი -23° უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 35°, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 38° აღწევს. 
 
ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია (8,0-9,5°) ზაფხულის თვეებში, ხოლო ყველაზე დაბალი (4,8-5,5°) ზამთარში.
 
სითბოს საერთო რაოდენობა წლების მიხედვით მეტად ცვალებადი სიდიდეა.  გასული საუკუნის განმავლობაში წინანდალში 10°-ზე ზევით სითბოს ჯამი იცვლებოდა 3300°-დან 4250°-მდე, სითბოს ჯამის მრავალწლიური ამპლიტუდა 950° აღწვეს.
 
თელიანში 3500°-ზე მეტი სითბოს ჯამის დაგროვება 95% წლებში, ე. ი. თითქმის ყოველწლიურად არის უზრუნველყოფილი.
 
შემოდგომის პირველი წაყინვები საშუალოდ 26.XI-ს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველ წაყინვებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ოქტომბრის ბოლოს. ამდენად ვაზს შემოდგომის წაყინვებისაგან საშიშროება არ ექმნება.
 
ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური ჯამი 845 მმ-ს, სავეგეტაციო პერიოდში 644 მმ-ს უდრის. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის მაისში (157 მმ) და ივნისში (111 მმ). ყურძნის მომწიფების პერიოდში (VIII-IX) ნალექების ჯამი საშუალოდ 144 მმ უდრის. ნალექების საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი (34%) გაზაფხულზე და ზაფხულის (31%) პერიოდებში, შედარებით ნაკლები (23%) შემოდგომით და ზამთარშია (12%) შესაძლებელი.
 
ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 70%-ს უდრის.
 
სეტყვიან დღეთა რიცხვი დიდია და წელიწადში საშუალოდ 2,3-ს უდრის; სეტყვა ყველაზე ხშირად მაისსა და ივნისში (0,7-0,8 დღე) მოდის. ანომალურად სეტყვიან წლებში მათმა რაოდენობამ შესაძლოა 9-ს მიაღწიოს.
 
ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (30%) და აღმოსავლეთის (24%) ქარები, შედარებით ნაკლები განმეორება ახასიათებს სამხრეთ-დასავლეთ (14%),  ჩრდილო-დასავლეთ (11%) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (10%) მომართულ ქარებს.
 
ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ უდრის. წლის განმავლობაში ქარის სიჩქარე შედარებით მეტია გაზაფხულზე და ზაფხულში (1,7-2,1 მ/წმ). ყველაზე ნაკლები სიჩქარის ქარები (1,3-1,5 მ/წმ) ზამთრის თვეებში აღინიშნება. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი (≥ 15 მ/წმ) საშუალოდ დიდი არ არის და 10-ს უდრის.
 
სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების მე-III ჯგუფის რაიონებს; ასეთ ადგილებში რეკომენდებულია ოთხრიგიანი ძირითადი ქარსაფრების გაშენება.
 
სპეციფიკურ ზონაში თოვლიან დღეთა რიცხვი საშუალოდ 33-ს უდრის.
 
ნიადაგები წარმოდგენილია მდელოს ყაივისფერი (ძველი ალუვიური) და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით და მექანიკური შედგენილობის მიხედვით. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგები წარმოდგენილია ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, ხოლო ალუვიური ნიადაგები მდინარე ალაზნის მარჯვენა მეორე ტერასაზე.
 
გამოყოფილია მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგების ორი და ალუვიური ნიადაგების ორი  სახესხვაობა:
მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, თიხნარი;
მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხიანი;
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი;
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხნარი.
 
 
ზემოთ დასახელებული ნიადაგების პირველი ორი სახესხვაობა წარმოდგენილია მიკროზონის ზედა სარტყელში ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებებზე და რელიეფურად სუსტად დახრილ შლეიფებზე და გავაკებებზე არიან განლაგებული, ხოლო მესამე და მეოთხე სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია ალაზნის მარჯვენა მეორე ტერასაზე, რომელიც ცივგომბორის მთების ჩრდილო აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებებს ემიჯნება და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ სუსტად დახრილ ვაკეს წარმოადგენს სუსტი ტალღისებური ზედაპირით. ზემოთ დასახელებული ოთხივე სახესხვაობის ნიადაგში პროფილის სისქე 1-1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60-სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით აღნიშნული ნიადაგები თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან და ფიზიკური თიხის შემცველობა ძირითადად 25-50%-ის ფარგლებშია, ზოგიერთ მონაკვეთზე ქვედა ფენებში გადახრილია მსუბუქი თიხნარებისაკენ და სილნარებისაკენ. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში საშუალოზე დაბალია და ძირითადად 1,5-3,0%-ის ფარგლებშია, ქვედა ფენებში კი უფრო მცირდება, კალციუმის კარბონატების საშუალო რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 5-15%-ის ფარგლებშია. ნიადაგის ხსნარის რეაქცია (PH) ძირითადად საშუალო ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,4-8,0-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზურ აზოტს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ნიადაგის ქიმიურ ფენაში ძირითადად 5,0-8,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ქვედა ფენაში კი საერთოდ დაბალი  მაჩვენებლით ხასიათდება. საშუალო რაოდენობით შეიცავს ხსნადი (შესათვისებელ) ფოსფორის ნიადაგის აქტიურ ფენაში და 2,5-3,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში,  ქვედა ფენებში კი მისი შემცველობა დაბალია. საერთოდ ღარიბია გაცვლითი კალიუმითაც და მის შემცველობა 12,0 მგ-ის არ აღემატება 100 გ ნიადაგში.
 
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
 
«თელიანის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
 
 
ჯიში კაბერნე სოვინიონი
 
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 560 მეტრამდე.
 
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.
 
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
 
სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი.
 
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 7-8 კვირტი.
 
მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.
 
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
 
ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
 
ურწყავში ნიადაგის ზედაპირის სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება. ნიადაგის მულჩირება.
 
განოყიერება
 
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.
 
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
 
ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი.
 
მავნებლები: ტკიპები, ვაზის ცრუფარიანა.
 
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
 
კაბერნე სოვინიონის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
 
კაბერნე სოვინიონი – ფრანგული მაღალხარისხოვანი ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. კაბერნესაგან დამზადებული სუფრის წითელი ღვინო გამოირჩევა  განსაკუთრებული ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლის და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდის, საშუალო ზრდის. კონდიციური მოსავლის მისაღებად საჰექტრო მოსავალი 6-7 ტ-ს ფარგლებში მერყეობს. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 190-220 გ/დმ3-ია, 8,0-9,0 გ/დმმჟავიანობით.
 
 
 
ღვინო "თელიანი” ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე­ბადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ღვინო მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.
 
ღვინო "თელიანი” ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით,  სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.
 
ღვინო "თელიანის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
 
მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0
 
შაქრების მასიური კონცენტრაცია - არა უმეტეს 4 გ/დმ3
 
ტიტრული მჟავიანობა – 5,5 – 7,0 გ/დმ3
 
აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3
 
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3
 
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 1493/98999 წ დადგენილებას.
 
სპეციფიკური ზონის ფართობი
 
"თელიანის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10,5 კმ2.
 
ზომიერად ნოტიო კლიმატი, მდელოს ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები ჯიში კაბერნე სოვინიონისათვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ მიკროზონაში დამზადდეს მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინო, განსაკუთრებული ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით.