ტიბაანი


დასახელება: „ტიბაანი“
 

გეოგრაფიული მდებარეობა _ მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტიბაანი" მდებარეობს შიდა კახეთში, ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარის აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობზე სიღნაღის რაიონის ჩრდილო განედის 41°35' და აღმოსავლეთ გრძედის 46°00' კოორდინატებზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 350-დან 550 მეტრს უდრის. მოიცავს სოფლებს: ტიბაანი, ქვემო მაჩხაანისა და ძველი ანაგის ნაწილს.
 
 
 
კლიმატი - კლიმატური პირობები ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, რომელიც ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; წლის განმავლობაში ნალექების ორჯერადი მინიმუმით.
 
მევენახეობის გავრცელების არეალში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,4°C უდრის, ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა 24,2°C, ხოლო ყველაზე ცივი თვისა +1,0°C უახლოვდება.
 
 
 
ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 10°-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის პირველ პენტადაში (5.IV), ხოლო ქვევით დაცემა კი ნოემბრის პირველ რიცხვებში (3.XI) ხდება. 10°-ზე მეტი ტემპერატურიანი პერიოდის ხანგრძლივობა 212 დღეს უდრის. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (St>100C) საშუალოდ 4100° აღწევს. 95% წლებში აქტიური სითბოს ჯამი 3800° აჭარბებს; 10 წელიწადში 7-8-ჯერ მისი რაოდენობა 4000° უახლოვდება, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2200-2300 საათის ფარგლებშია. სავეგეტაციო პერიოდში 1500-1700 საათის საზღვრებში იცვლება.
 
 
 
შედარებით ნაკლები რაოდენობის ნალექები მოდის, ვიდრე უფრო დასავლეთით მდებარე გარე კახეთის მიკროზონებში. აქ ნალექების წლიური ჯამი 636 მმ-ს უდრის. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა უდიდესია მაისში (105 მმ); ნალექები ყველაზე ნაკლები რაოდენობით მოდის დეკემბერ-იანვარში (25-26 მმ); აქ სავეგეტაციო პერიოდში მათი რაოდენობა 464 მმ-ია.
 
 
 
სეტყვიან დღეთა რიცხვი სავეგეტაციო პერიოდში (IV-X) საშუალოდ 1,6 უდრის. წლის დანარჩენ თვეებში სეტყვა იშვიათი შემთხვევაა. სეტყვა შედარებით ხშირად მოდის მაისში (0,7 დღე).
 
 
 
წლის თბილი პერიოდის თვეებში (IV, V, VI და X) მოსული ნალექების ჯამი მნიშვნელოვნად ჭარბობს მათ შესაძლო აორთქლებას. ამიტომ, ამ თვეებში ვენახი მორწყვას არ საჭიროებს.
 
 
 
ივლისსა და აგვისტოში ჰიდროთერმული კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია, ე. ი. მოსული ნალექების რაოდენობა ნაკლებია, მის აორთქლებაზე და ადგილი აქვს გვალვას. გვალვიანი პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 72 დღეს უდრის. გვალვა იწყება ივლისის პირველ პენტადაში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცვხებში.
 
 
 
შიდა კახეთში, ქარები უმთავრესად ალაზნის ხეობის გასწვრივ ქრიან, აქ ძირითადად გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთის (29%), დასავლეთის (19%) და აღმოსავლეთის (17%), ჩრდილო-აღმოსავლეთის (10%) ქარები.
 
 
 
ქარის საშუალო წლიური სიჩქარე სპეციფიკურ ზონაში 1,0 მ/წმ არ აღემატება, ამიტომ მიეკუთვნება ქარების ზემოქმედების ზონას. 4 მწკრივიანი ძირითადი ქარსაფარი ტყის ზოლები უნდა გაშენდეს ჩრდილო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულების ქარების გათვალისწინებით.
 
 
 
გაზაფხულის წაყინვები საშუალოდ მარტის ბოლო რიცხვებში (31.III) წყდება. შემოდგომის პირველი წაყინვები კი ნოემბრის მეორე დეკადის დასაწყისში (12.XI) იწყება. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 225 დღეს უდრის.
 
 
 
ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -11, -12°C უდრის. 10 წელიწადში ერთჯერ ზამთრის მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა დაეცეს -16, -17°C-ზე დაბლა; ზონაში აბსოლუტური მინიმუმი -24, -25°C უდრის. თუმცა ასეთი შემთხვევა აქ ძალზე იშვიათია.
 
 
 
ნიადაგები _ სავენახე ფართობები განთავსებულია ცივგომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე. ემიჯნება ალაზნის ველის სამხრეთ ნაწილს, რომელიც მდინარე ალაზნის მარჯვენა ტერასაზე ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სუსტად დახრილ შლეიფებსა და ფერდობებს წარმოადგენს.
 
 
 
უკიდურეს სამხრეთ ნაწილში წარმოდგენილია შავმიწისებრი ნიადაგი, ხოლო ჩრდილო და დასავლეთ ნაწილში კი ალუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ნაირსახეობები და სახესხვაობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც პროფილის სისქით ასევე მექანიკური შედგენილობით და ხირხატიანობის მიხედვით.
 
 
 
აღნიშნული ნიადაგების პროფილის სისქე ძირითადად 0,8-1,5 მეტრის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენის სისქე 40-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს.
 
 
 
მექანიკური შედგენილობის მიხედვით ეს ნიადაგები ძირითადად მძიმე თიხნარებსა და მსუბუქ თიხებს მიეკუთვნებიან, ზოგიერთ მონაკვეთებში (ძირითადად პროლუვიური ნიადაგები) კი საშუალო და მსუბუქ თიხნარებს. ფიზიკური თიხის (<0,01 მმ ფრაქცია) შემცველობა ძირითადად შავმიწისებურ, ალუვიურ და დელუვიურ ნიადაგებში 40-75%-ის ფარგლებში ცვალებადობს. პროლუვიურ ნიადაგებში კი 20-45%-ის ფარგლებშია. კალციუმის კარბონატებს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2-20%-ის ფარგლებშია. ზოგიერთ მონაკვეთებში უფრო მეტად აღწევს. ნიადაგის არეს რეაქცია PH სუსტი და საშუალო ტუტეა და მისი მაჩვენებელი ძირითადად 7,4-8,2 –ის ფარგლებშია.
 
 
 
ჰუმუსის შემცველობა შავმიწისებური ნიადაგების პროფილში ძირითადად 4,5 -0,5%-ის ფარგლებშია, ხოლო ალუვიურ, დელუვიურ და პროლუვიურ ნიადაგებში ძირითადად 2,5-0,3% გამონაკლის შემთხვევებში 3,0%-მდეც აღწევს.
 
 
 
ჰიდროლიზურ აზოტს ძირითადად მცირე რაოდენობით შეიცავს და 100 გ ნიადაგში 6,0-2,5 მგ-ის ფარგლებშია. ცალკეულ შემთხვევებში კი 7-10 მგ-მდეც აღწევს ი. საშუალო და მცირე მაჩვენებლებით ხასიათდება ხსნადი ფოსფორის შემცველობა რომელიც 5,0-1,5 მგ-ის ფარგლებშია. ზოგიერთ მონაკვეთებში კი მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი. მცირე და საშუალო რაოდენობით შეიცავენ გაცვლით კალიუმსაც. შთანთქმული ფუძეების ჯამი (Ca+Mg) საშუალო და მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება და ნიადაგის აქტიურ ფენაში მისი შემცველობა 20,0-45,0 მილიექვივალენტის ტოლია, ხოლო ცალკეულ შემთხვევბში უფრო მეტსაც აღწევს. ჯამიდან დიდი პროცენტი შთანთქმულ კალციუმზე მოდის, მაგნიუმი კი გაცილებით მცირეა, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით არის წარმოდგენილი.
 
 
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
 
 
"ტიბაანის" დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
 
 
 
ჯიში რქაწითელი
 
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 300-350 მეტრამდე.
 
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.
 
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
 
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
 
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.
 
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.
 
 
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
 
ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სარწყავში – ბოლო სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
 
 
 
განოყიერება
 
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით.
 
 
 
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
 
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.
 
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
 
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
 
 
 
რქაწითელის სამეურნეო ტექნოლოგიური დახასიათება
 
რქაწითელი – ქართული, თეთრყურძნიანი, მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. საშუალო ზრდის სიძლიერის, უხვმოსავლიანი, საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 160-250 გრამამდეა, სრულ სიმწიფეში იღებს ლამაზ შეფერვას, მოვარდისფრო-ბრინჯაოსფერი იერით საკმაოდ ხორციანი და წვნიანი. მეტად სასიამოვნო, ტკბილი ჯიშური არომატით.
 
 
 
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით. მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საშუალო საჰექტარო მოსავალი 9-10 ტონას არ აღემატება.
 
ღვინო "ტიბაანი" - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან დურდოს სრული დადუღებით.
 
ღვინო "ტიბაანი" ხასიათდება მუქი ქარვისფერით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატურლი ბუკეტით, ექსტრაქტულობით, ხავერდოვნებით და ქიშმიშის ტონებით.
 
 
 
ღვინო "ტიბაანის" ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
 
მოცულობით სპირტშემცველობა % _ 11,5-13,0
 
შაქრების მასური კონცენტრაცია - არა უმეტეს 4 გ/დმ3
 
ტიტრული მჟავიანობა – 5,0-6,0 გ/დმ3
 
აქროლადი მჟავიანობა - არა უმეტეს 1,2 გ/დმ3
 
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 18 გ/დმ3
 
 
 
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს ¹1493/1999 დადგენილებას.
 
 
 
სპეციფიკური ზონის ფართობი
 
 
 
"ტიბაანის" სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 28 კმ2.
 
 
 
კლიმატური პირობები, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ვენახების განლაგება ცივ-გომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის დაბოლოებაზე, აბორიგენული ჯიში რქაწითელის უნიკალურობა, ქვევრებში ღვინის დაყენების უძველესი წესი განსაზღვრავს "ტიბაანის" ღვინის ღირსებას.